გამყრელიძე: უფრო და უფრო იკრებს ძალას კორონავირუსული ინფექცია

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში ჩავიდა.

გამყრელიძემ „გორის სამხედრო ჰოსპიტალი“ და „გორმედის“ კლინიკა მოინახულა, შეხვდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებს.

მოგვიანებით NCDC-ის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც რეგიონებში ჩასვლა გადაწყვიტეს.

„გარკვეულად უარესდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ბოლო სამი დღეა, ავცდით 1 000-ს ყოველდღიური შემთხვევების მიხედვით, ეს იანვრის შემდეგ არ ყოფილა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკრებს ძალას კორონავირუსული ინფექცია და საჭიროა მეტი მობილიზება, მეტად დაცვა რეგულაციების და რეკომენდაციების, რა თქმა უნდა, მეტი ინტენსიფიკაცია ვაქცინაციის პროცესის. სწორედ ეს ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც ვსტუმრობთ რეგიონებს. სტუმრობა დავიწყეთ გორით, შიდა ქართლით. გვქონდა შეხვედრები „გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, სამედიცინო პერსონალთან, დავათვალიერეთ მათი შესაძლებლობები, თუ როგორია მზადყოფნა ავადმყოფთა ნაკადის მომატების შემთხვევაში მათი მართვის, ასევე ვაქცინაციის პროცესის, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. აგრეთვე ვიყავით „გორმედში“, შევხვდით ჩვენს კოლეგებს, „გორმედი“ სამედიცინო დაწესებულებების ყველაზე დიდი ქსელია შიდა ქართლში. იქაც გავეცანით, თუ როგორია მზადყოფნა კოვიდპანდემიასთან მიმართებაში, გვქონდა შეხვედრები ჩვენი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან და იყო ინტენსიური მსჯელობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა.

„ზოგადად, მესამე ტალღა მთელ მსოფლიოში ძალებს იკრებს, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში გვაქვს ყოველდღიური შემთხვევების სერიოზული მატება. საქართველოშიც იმატებს აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ანუ, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება. მეტი მობილიზება ხდება მთლიანად ჯანდაცვის სექტორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 825 მილიონი ადამიანი.