„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სიფრთხილე და რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.
„დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი – ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული”, – განაცხადა გამყრელიძემ.