გარდაცვლილი ექთნის საქმე – ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

ოჯახისა და უფლებადამცველების მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

“სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ არის გამოკითხული მნიშვნელოვანი მოწმე, კერძოდ საუბარი გვაქვს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკის ხელმძღვანელზე, ბატონ ლევან რატიანზე. რატიანი არის პიროვნება, ვისაც შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა”, -განაცხადა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.

პროკურატურამ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა, თუმცა ადვოკატების თქმით, 3 ჩვენება გამქრალია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ შორის ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იმ მოწმეს ეკუთვნის, რომელიც კლინიკა “იმედის” თანამშრომელია.