გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ მიღებული კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.
ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს. კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1 ივნისს შევა.
ბიზნეს სექტორთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის წევრები – ალექსანდრე დალაქიშვილი და ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე და არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს კანონის შესრულების ნაწილში კერძო სექტორის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც საწარმოო პროცესში, თანამედროვე და გარემოსთვის უსაფრთხო ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
დაიგეგმა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მხარეთა ჩართულობით უახლოეს პერიოდში გაიმართება.
ცნობისთვის, სამუშაო შეხვედრა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების – ალექსანდრე დალაქიშვილის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.