ჩვენ გვესმის ბიზნესისაც, მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილi ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნებს.
ბიზნეს სექტორი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტში” გათვალისწინებული რეგულაციების გადავადებას ითხოვს.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ყველა მნიშვნელოვან რეფორმას დრო სჭირდება და ბიზნესსაც ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.
“გვესმის, რომ კოვიდიდან გამომდინარე ბევრი ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბიზნესს გარკვეული დრო დასჭირდება ალბათ, ადაპტაციისთვის. ჩვენი პოზიცია არის ბიზნესის დახმარების და მიხმარების, რომ მათ მოახერხონ და დანერგონ ახალი სისტემები”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ მიღებული კანონის აღსრულების შესახებ იმსჯელეს.
კანონპროექტის ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს შედის, თუმცა ბიზნესის ნაწილი დამატებით ვადას გადაიარაღებისათვის ითხოვს.
მეწარმეების პოზიციით, ხელისუფლებამ დროულად არ დაამტკიცა დადგენილება, რომელშიც ტექნიკურ დეტალებზე იქნებოდა საუბარი.