დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
ადვოკატ დავით დადიანის განცხადებით კი, მენაბდე უდანაშაულოა.
დადიანის განცხადებით, მთელი 3 წლის განმავლობაში, გიორგი მენაბდეს ქვეყნიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.