დეკანოიძე: საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება, სადაც სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი, ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რეალური საფრთხე დაემუქრა.

“პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამ განცხადებაში ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. დემოკრატიულ ოპოზიციაში არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ.

ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, რომელიც, პრაქტიკულად, ასე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებდნენ ხელისუფლებას და ეს პასუხისმგებლობა როგორ დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს,”-აცხადებს ხატია დეკანოიძე.