სასამართლოს მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ ნიკა მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივი გზით ბრძოლას. იმ ფონზე, როდესაც ორი თვის განმავლობაში პროკურატურა და უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო ნიკა მელიას გამოსვლა, გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღეს სასამართლო დარბაზში ყველაფერს აეხადა ფარდა – რომ რეალურად მათ მიზანი იყო ნიკა მელიას პატიმრობა და დღესაც მოითხოვეს ნიკა მელიას პატიმრობა. სასამართლოსაც მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში გახდეს მისი პატიმრობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, თორემ თუ გადავხედავთ კანონის მოთხოვნას, ნიკა მოსამართლეს უალტერნატივოდ უნდა გაეთავისუფლებინა. პროკურატურაც კი თავის პოზიციაში იყო ძალიან მერყევი, არათანმიმდევრული და ეს საზოგადოებამ იხილა, როცა თავის პოზიციას აფიქსირებდა. არაერთხელ დავაფიქსირე, რომ ჩვენ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული იქნებოდა გონიერი გადაწყვეტილება, არ გვქონდა. ჩვენ ვაფიქსირებდით ორი დღის განმავლობაში, რომ არ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებდა პოლიტიკური „ლიდერშიფისგან“ დავალებას, რომ ნიკა გაეთავისუფლებინა, რაც გაცხადდა კიდევაც“, – განაცხადა კონდახიშვილმა.