ეროვნული გამოცდებასთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს.
ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აბიტურიენტებს რეკომენდაციების შესახებ გამოცდებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე ეცნობებათ.
„ვფიქრობ, წინა წლის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. შარშან სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ყოფნა, ყველაფერი იყო ახალი – ფაქტია, კარგად იმუშავა შემუშავებულმა სქემამ. უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უფრო მომზადებულად ვთვლით თავს. პირველადი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. მათ გვითხრეს, რომ შარშან შემუშავებული რეკომენდაციები რელევანტურია, თუმცა შანსი იმისა, რომ ისინი გადაიხედოს და კორექტივები შევიდეს, რა თქმა უნდა, არის – ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, რა ეპიდსიტუაცია გვექნება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე. არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვაკვირდებით სიტუაციას და გამოცდებამდე დაახლოებით 10 დღით, 1 კვირით ადრე ექნებათ აბიტურიენტებს ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გორგოძემ
ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, ვირუსის მატარებელ აბიტურიენტებს სავარაუდოდ, გამოცდის ჩაბარება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოუწევთ.
მისივე თქმით, არ განიხილება საკუთარ სახლში და ასევე ღია სივრცეებში გამოცდის ჩატარება.