ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს.

ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

მიმდინარე წლის თებერვალში Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს.

„ვფიქრობთ, რომ მესამე დოზა ანტისხეულების რეაქციას 10-20-ჯერ გაზრდის. ვაქცინის მესამე დოზა ხელს შეუწყობს იმუნურ რეაქციასა და ახალი ვარიანტებისგან დაცვას“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.