ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ორი ერთეული მძიმე ტექნიკა და უახლოეს საათებში საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

უამინდობის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც დილიდან გადაადგილება პარალიზებული იყო.