თალაკვაძე: მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი

არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი.

„ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს, რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც „დახარჯოს“ ამაში, ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად, სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება“, – წერს არჩილ თალაკვაძე.