იტალიაში სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

იტალიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორშია დასაქმებული.

როგორც Reuters წერს, იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერებისა და იმ კლინიკებში ვირუსის აფეთქების გამო, სადაც პერსონალი აცრაზე უარს ამბობდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ.

“ცვლილებების მიზანია, რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მუშაკის და იმ პირების დაცვა, რომლებიც დაავადების გავრცელების მომეტებული რისკის მქონე გარემოში მუშაობენ”, — წერია იტალიის მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, იტალიაში, აპრილის თვეში საშუალოდ, დღიურად 230 000 ადამიანი იცრება. ქვეყნის მიზანი ამ რიცხვის გაორმაგებაა.

2020-ის დეკემბრიდან დღემდე ქვეყანაში, სულ 10 მილიონი დოზა ვაქცინაა გახარჯული.