კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ – შალვა პაპუაშვილი “გირჩის” წევრებზე

“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “გირჩის” წევრები პარლამენტში შევიდნენ როგორც დეპუტატები, ხოლო მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესულები არ არიან, თავის დაძვრენის მცდელობაა.

მისივე განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ “გირჩის” წევრები კომიტეტის სხდომებსაც დაესწრებიან.

“მე რამდენადაც ვხვდები, ისინი ამ შენობაში შემოვლენ არა როგორც მოქალაქეები – საშვით, არამედ, როგორც დეპუტატები. ამიტომ იმის მცდელობა, რომ თავი დაიძვრინონ, თან შემოსული არიან, თან არა, უბრალოდ, არასერიოზულია. კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ, არც ეს არ არის პრობლემა, თუმცა, ჯობია, რომ კომიტეტებშიც შემოვიდნენ,”-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.