ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად ვიყო დაბალანსებული და ნეიტრალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუცილებელია, დაბალანსებული, ნეიტრალური იყოს სხდომათა დარბაზში.
„ის, რის დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება ნამდვილად გახდეს არა მხოლოდ კანონზე, რომელიც ახალი რეგლამენტით და ახალი კონსტიტუციით, ნამდვილად წარმოადგენს მიღწევას, დაინერგოს პრაქტიკაშიც. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, ერთ დღეში ვერ ხდება ნამდვილად კულტურის ცვლილება. ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად ვიყო დაბალანსებული და ნეიტრალური. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენ და „ქართული ოცნებიდან“ ვარ არჩეული, ამ გუნდის ერთგული წევრი ვრჩები და ჩემი პირადი მოსაზრებები ყოველთვის მექნება, მაგრამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც სხდომა მიჰყავს, აუცილებელია, ამ სიტყვებს კიდევ რთხელ გავიმეორებ, ის იყოს ძალიან დაბალანსებული, ნეიტრალური და არ იყოს მიკერძოებული სხდომათა დარბაზში. ყოველთვის მექნება საშუალება ჩემი მოსაზრებები, ჩემი პოზიციები გამოვთქვა და ეს კენჭისყრებზეც დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ პარლამენტი ნამდვილად იყოს უფრო კონსტრუქციული, საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო მეტი თავშეკავება იქნება საჭირო და ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ
კუჭავას განცხადებით, მოხარულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში იხილა და ისურვებდა, რომ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ.
„მათი არჩევანია. აქ არავინ არავის ავალდებულებს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, ან კონკრეტულად რომელიმე კანდიდატს ან კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ეს მათი უფლებაა. მე ძალიან მიხარია, რომ ისინი ვიხილე პარლამენტში. შეთანხმების ეს ნაწილი უკვე შესრულდა და ვისურვებდი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში. ეს არ არის მხოლოდ განცხადებების კეთება. არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, კანონპროექტი, პოლიტიკური დოკუმენტი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და მათი ჩართულობა ამ პროცესში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ველოდები. კონსტრუქციული კრიტიკა არის აუცილებელი, თუ გვინდა კარგი შედეგის მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.