დღეს დიდი ხუთშაბათია. ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.