მეუფე შიო: მეუფე შიო – საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე

საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.

„ქრისტესმიერ საყვარელო მორწმუნენო, დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში, ვდგავართ უფალი იესო ქრისტეს ცხოველმყოფელ წიაღში და მე ვფიქრობ მისი ჯვარცმის, მისი ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოს შესახებ, თუ რაოდენ მიუწვდომელია ის ადამიანის გულისთვის. მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მოგვეცა ჩვენ იმისთვის, რომ ჩავწვდეთ და შევიმეცნოთ ეს საიდუმლოება. უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგვცა ჩვენ დიდებული და ამაღლებული სწავლება. მაგრამ ის არ მოსულა მარტო იმისთვის, რომ სწავლება დაგვიტოვოს; ​თუმცა ეს სწავლებაც ღვთაებრივია და ვხედავთ ჩვენ, რომ შეუძლებელია ადამიანის მიერ ყოფილიყო მოფიქრებული და მოაზრებული ეს სწავლება. მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ სწავლებასთან ერთად დაგვიტოვა ძალა და მადლი, რომ ეს სწავლება აღვასრულოთ; რომ დავთრგუნოთ ბოროტება ჩვენს სულში, რომ დავამარცხოთ სიკვდილი და რაც მთავარია, რომ გავხდეთ თანაზიარნი და მონაწილე ღვთაებრივი ცხოვრებისა, თანაზიარნი ღმერთისა, როგორც ამ მიწიურ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაშიც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალა დატოვა და მადლი უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ჩვენ დღეს წავიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში, სიტყვა იგი ჯვარისა, ჰურიათათვის არის საცდური, წარმართებისთვის არის სისულელე, ხოლო წარწყმედილთათვის სოცოცხლე არს. მაგრამ ჩვენთვის, ცხოვრებულთათვის, ძალა ღმრთისა არს. ასე ამბობს პავლე მოციქული, რომ ძალა ღმრთისა არს და წყარო ცხოვრების, წყარო სიცოცხლის, წყარო ჭეშმარიტების. ამაზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ, მაგრამ სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენს შორის, ვინც ეწაფება ამ წყაროს და ვინც სარგებლობს ამით, იმისთვის, რომ სათანადოდ იცხოვროს და მათ შორის, ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს და ამ ძალასა და მადლს.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს ცოდვა, მისმა უწმინდესობამ და უდიდებულესობამ გვიქადაგა ეს ბზობის დღესასწაულზე, რომ არ არის ცოდვა, რომელსაც ვერ განწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება და რომელსაც ვერ განწმენდს უფლის სხვადასხვაფერი სისხლი. ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და გამწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და თუკი ჩვენ მოვისურვებთ ჩვენი აზროვნების შეცვლას. ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული. ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე. სულ საათები გვაშორებს ჩვენ ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ ვიპოვოთ ჩვენი თავი დღეს აი, ამ საათების განმავლობაში, იმისთვის, რომ, როდესაც გადაგორდება ლოდი და როდესაც ეხარება მთელს სამყაროს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ და რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ყველაზე ნათელი იმედები და სასოება, როგორც მოგახსენეთ, როგორც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.