მთავრობა “რიონის მცველებთან” დიალოგისთვის მზადაა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

“მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე უმრავლესობის დეპუტატები, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ.

დღეს, 15 აპრილს ჰესის მოწინააღმდე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თანახმა არიან პრემიერთს ან მის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ.

რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა.