საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
ასევე, „ნამახვანჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს მოხსნის, აქციის მონაწილეებს კი კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში.