“ნაციონალური მოძრაობა” ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ ახალაიამ განაცხადა, მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, გალის რაიონიდან მოქალაქეები ძირითადად მედიკამენტებისა და პროდუქტების შესაძენად, ასევე, საავადმყოფოში მისასვლელად გადმოდიან.

“უკვე წელიწადზე მეტია, რაც ენგურის ხიდი არის ჩაკეტილი და გალის რაიონის ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის სრულ იზოლაციაში. ჩვენ ვუხსნით საზღვრებს პოზნერს, გავრილოვს და უამრავ ისეთ ადამიანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოვიდეს და მათ ვაცილებთ ესკორტით.

ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც რისთვის გადმოდის ენგურის ხიდზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს ადამიანები გადმოდიან მედიკამენტების მისაღებად, საავადმყოფოებში, გადმოდიან იმისთვის, რომ პროდუქტები შეიძინონ და დაბრუნდნენ უკან და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, პრემიერმინისტრისგან, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან მინისტრი ტიკარაძე”, – განაცხადა ახალაიამ.