“რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებთან, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ.
პარლამენტის დეპუტატები, გუშინ საწარმოს ხელმძღვანელ პირებს პარლამენტში შეხვდნენ და მედიატორების როლში, საწარმოს თანამშრომლების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა განაცხადეს, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და კომპანია ხელფასის მომატების მზაობას გამოთქვამს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
“გუშინდელი შეხვედრა, სამწუხაროდ, ვერ შედგა, იმიტომ, რომ ჩვენც გვიან დავასრულეთ თბილისში და აღარ იყავით ადგილზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს რამე განსაკუთრებული ინფორმაცია, თუმცა გუშინდელი დღე გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. თქვენთან გაჟღერებული მოთხოვნები, რომ რაც შეიძლება მიახლოებული ყოფილიყო და კონკრეტული საკითხი მოგვეტანა, დღესაც რჩება ის, რომ აზოტის მხრიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ მათ სჭირდებათ რამდენიმე დღე.
ჩემი და ალექსანდრეს დამოკიდებულება, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს ამ მოლაპარაკებას, ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას, თქვენს ინტერესებშიც შედის ის,რომ საწარმო, რაც შეიძლება მალე, აღდგეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრობით და ურთიერთობით, მივაღწევთ, რომ ყველასთვის სასურველი კომპრომისული ვარიანტი შევიმუშაოთ და გვინდა,რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და რამდენი დღეც არ უნდა დაგვჭირდეს თქვენთან ერთად ვიქნებით”- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ.