პარლამენტთან საპროტესტო აქცია “არა 20 ივნისის ამნისტიას!” მოეწყო

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით “არა 20 ივნისის ამნისტიას!” გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან.

ისინი აცხადებენ, რომ ე.წ საკანონმდებლო ორგანოს არ მისცემენ უფლებას, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ ვინც 20-21 ივნისის აქციის დაშლასა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაზარალებაზეა პასუხისმგებელი.

“19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა, შესაძლოა, ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულიად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

სრულიად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.