იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა მუშაობა დაიწყო.
ბავშვებს, რომლებსაც „კოვიდ- 19“-ის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, დაწესებულებებში მულტიპროფესიული ჯგუფი შეაფასებს.
იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია საქართველოში 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა.
„ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში, 6-8 თვემდეც კი, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც ჰქონდათ ამ პაციენტებს მწვავე ფაზაში, ან სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენა. ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას.”-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება დაწესებულებების ფუნქციონირებას, ჩხაიძის განცხადებით, ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ კი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე.
“ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი. ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ, თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს. ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას სულ მცირე ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.