რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე. (პორტალი 12 აპრილიდან ამოქმედდება).

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას 1 წლით შეძლებენ.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. იგეგმება 1 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:
• საშუალო სკოლა დამთავრებული;
• სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
• ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არმქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).