რუსთავში მოზარდს სახლში მიმავალ გზაზე დახვდნენ და ტელეფონი წაართვეს

რუსთავში 11 წლის მოზარდს 18-იდან 22 წლამდე მამაკაცები სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე დახვდნენ და მობილური ტელეფონი წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოზარდის დედა აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, მოზარდს უცნობი პირები ნიკოლაძის და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე, რუსთავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ.

“არ გავაგრძელებ და ვრცლად არ მოვყვები, თუ რა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა ჩემი მოზარდი შვილი, ამას ისედაც ნებისმიერი დედა და საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება. მინდა მივმართო ამ პიროვნებებს, ვინც ეს ჩაიდინა: რუსთავი პატარა ქალაქია, საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩემი ძალებით შევძელი და მოვიპოვე ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანხართ სამივე. ნუ დაიღუპავთ თავებს, ყველაფერს აქვს ახსნა, ყველას მდგომარეობაში შემიძლია შევიდე, მაგრამ ჩემი მოთმინება არაა უსასრულო!!!

ახლა კარგი დროა, გამოჩნდი, მოინანიე, განა რას გადაგიხდიან მაგ ტელეფონში, რომ ღირდეს ან ჩემი შვილის სტრესად ან თქვენი მომავალი ცხოვრების დასანგრევად.

გთხოვთ, ნუ გააღვიძებთ ჩემში მონსტრს, რომელსაც შვილის დამცველი დედა ჰქვია!!! თქვენც გყავთ დედები, შეიბრალეთ ისინი.  მერე გვიანი იქნება, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, გავხდები ყრუ და ბრმა და არ დავინახავ არც თქვენი დედების ცრემლებს და არც მათ მუდარას გავიგონებ. ჩემი შვილი თუ არ გებრალებათ, თქვენი გამზრდელი დედები მაინც შეიბრალეთ”- წერს სოციალურ ქსელში მოზარდის დედა.

როგორც მოზარდის დედამ TV4-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით საქმეა აღძრული.

 TV4 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე, არ აკეთებენ. უწყების პრესსამსახური ტელევიზიის ჟურნალისტის ზარებს, რამდენიმე საათია აღარ პასუხობს.