რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

რუსთავში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მიმდინარეობს. საცხოვრებელი ფართები ​ დაუკანონდებათ იმ ოჯახებს, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ და ამ ბინებზე საკუთრების დამდასტურებელი მოწმობა არ ჰქონდათ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ფართების დაკავება დაუშვებელია, რადგან ამ შენობების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია და მათი საცხოვრებელი მიზნით გამოყენება საფრთხის შემცველია. მათივე ცნობით,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასეთი ტიპის შენობების შესწავლა, ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის მისაღებად.

რუსთავის მერია მიმართავს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, ნუ დაიკავებენ მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ახალ შენობებს.

“სახელმწიფო ფართში უკანონოდ შეჭრა და მსგავსი ქმედება, ისჯება კანონით და მისი დარღვევის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფართების დაკანონება ხდება მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომელთა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების ფაქტი ამა თუ იმ შენობაში, დადასტურებულია.”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.