ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზა შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთანაც“, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
„თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა საქართველოში – 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქსპლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მოაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა: „ჯერ ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინის მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ შეიცვლება.
“„სინოფარმთან“ მიმართებაში ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. თუმცა, რადგან „სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინაც, მის მიმართ მოთხოვნა და სანდოობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ დღესდღეობით არის ბოლო პოზიციებზე, გამომდინარეობს იქედან, რომ მას არ აქვს ამ ეტაპისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაცია. დარწმუნებულები ვართ, მისი პოზიციები აკრედიტაციის მიღების შემდეგ დაწინაურდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.