“სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს”

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიური გახდა.

„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს. ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე.

რითი შეიძლება შევაკავოთ ვირუსის გავრცელება? – პირველ რიგში განსაკუთრებული დისციპლინით. ჩვენ, ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. მხედველობაში მაქვს პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან და ყველას მიერ. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 51%-ია და ის 90%-მდე უნდა ავიყვანოთ, ყველგან დავიცვათ დისტანცია, ჰიგიენა და ხელების ხშირი დამუშავება და რაც ყველაზე მთავარია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.