ღარიბაშვილი: საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე წერს.

პრემიერი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

„1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო.

ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია.

ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.

დღეს საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა.

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“,- წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.