საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას წიგნის დღეს ულოცავს და კამპანიაში #აჩუქეწიგნი ჩართვისკენ მოუწოდებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში თითქმის 20 წელია, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე მსოფლიო ლიტერატურის გენიოსებს უკავშირდება. იუნესკოს მიერ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს გამოცხადდა და ის 1996 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება. საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის შესანიშნავი ინიციატივაა. წიგნი ხომ ერთ- ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია, ერთმანეთს ვუსახსოვროთ.
დარწმუნებული ვარ, ნაჩუქარი წიგნი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე განსაკუთრებული სახსოვარია. ჩემი თხოვნაა, ჩაერთოთ კამპანიაში #აჩუქეწიგნი, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი და აუმაღლეთ მოტივაცია, რომ იკითხონ მათთვის საყვარელი წიგნები“, – განაცხადა ჩხენკელმა.