ხაზარაძე: დოკუმენტი არის მისაღები, „ლელო“ მას ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე

დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა „ლელო“ მას ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს, – ამის შესახებ მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ლელო ყველა პუნქტს პოლიტსაბჭოზე გაიტანს, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამ დოკუმენტის დასრულებით ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციით, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. ხაზარაძის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნა გაუგებარი ქცევა, ამომრჩევლებისა და მედიატორი ელჩების უპატივცემულობა იყო.