ჯაფარიძე: საინტერესოა, ვის მიმართ არის ოპოზიციური გახარია

საინტერესოა, ვის მიმართ არიან ისინი ოპოზიციაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ამ დროისთვის გახარიას პარტია არის ვირტუალური და არანაირ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ადასტურებს იმ ვერსიას, რომელიც გამოთქმული იყო არაერთხელ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე იმისათვის, რომ შეაჩეროს “ქართული ოცნების” ელექტორატის რღვევა, რომელიც სახეზეა და გამოწვეულია „ოცნების” დღევანდელი ლიდერების რადიკალიზმით და არაკონსტრუქციული ნაბიჯებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას უნდა უთხრას, ანაკლიის პორტი რატომ გააჩერა.

“ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უნდა უთხრას, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი, ვისი დავალებით გააჩერა, რატომ მიაყენა ამხელა ზიანი ქვეყანას, რატომ გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი პირობა, რომ შემდგომში მისი სხვა განცხადებები იყოს მეტ-ნაკლებად სანდო და სიმართლესთან კავშირში. მე ვაფასებ სინანულის, პატიების და მიტევების უნარს. ამიტომ კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ დაგროვდა, მისი მხრიდან მოითხოვს გულწრფელ პასუხებს. თუ გახარია ამას გააკეთებს, დაგვანახებს კეთილსინდისიერი ადამიანის საქციელს” – განაცხადა ჯაფარიძემ.