ჯგუფურად წამებისთვის ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებს სასჯელის სახელთ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს.

2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 39 წლის კაცი თანასოფლელებმა გვიან ღამით სახლიდან მიტოვებულ სასაფლაოზე წაიყვანეს და საფლავი საკუთარი ხელით გაათხრევინეს. გამტაცებლები მას ქურდობაში ადანაშაულებდნენ და 590 ლარის დაბრუნებას სთოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.