„​სინოვაკის“ 100 00 დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

„​სინოვაკის“ 100 00 დოზა, რომელიც არის ჩინეთის მთავრობის დონაცია საქართველოს მიმართ, დღეს ჩამოვა ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს „სინოვაკის“ გამოყენება. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული ვაქცინაციის საბჭოს მიერ. მაისის დასაწყისი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაანონსებული, როგორც „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი. ამდენად, ამას დაველოდებით. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო დამატებით იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „სინოვაკის“ ვაქცინას უკვე ფართოდ იყენებს რეგიონის რამდენიმე ქვეყანა და მას კეთილსაიმედო შედეგები აქვს.

„სინოვაკს“ დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანში არის „სინოვაკი“, უკრაინაშიც. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტურობის თვალსაზრისითაც არის კარგი მონაცემები და რაც მთავრია, სიკვდილობის მაჩვენებლებს და მძიმე შემთხვევების განვითარების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.