1 000-ზე მეტი პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 147 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, განმეორებით დარღვევის 150 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.