ცერცვაძე: ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა

ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, ბოლო კვლევით, ის 100%-იან დაცვას იძლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პროცესში მაღალი არ არის, თუმცა, არსებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა – პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან ჩქარა, გუშინდელი ზუსტი მონაცემები არ მაქვს, სადღაც, 13 000 ადამიანია აცრილი, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი 10 დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, რომ წლის ბოლოს 60%-მდე გავიდეთ. ამიტომ, ოპტიმიზმი სწორი სიტყვა არ იქნება, ჯერ ისევ გულისდაწყვეტა, ჯერ ისევ იმედგაცრუებაა, რომ ხალხი არ აქტიურობს, მაგრამ გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, – აცხადებს ცერცვაძე.