Wizz Air ფრენებს მაისში კიდევ რამდენიმე მიმართულებით აღადგენს

მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამის ფონზე ეტაპობრივად მიმდინარეობს ტურისტული სექტორის აღდგენაც.

“დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, “ვიზეარმა” – ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – პირველი რეისი უკვე შესრულდა ვილნიუსიდან, უახლოეს პერიოდში შესრულდება ფრენები ვარშავა-ქუთაისი – ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის მიერ მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.