ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მუზეუმის შენობის საკონფერენციო დარბაზში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.
ბოლნისში იმყოფება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანიც.
სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
“გადავწყვიტეთ, რომ ეს სხდომა სიმბოლურად ისტორიულად ძალიან საინტერესო რეგიონში ბოლნისში ჩაგვეტარებინა. დავათვალიერეთ ის დიდი ისტორიული და ტრადიციული მოვლენები ბოლნისთან დაკავშირებით. მეღვინეობის განვითარება ბოლნისში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსათვის და ხელისუფლებისათვის”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ინფორმაციისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობა- მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს რამდენიმე პროექტს. მათ შორის არის მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება და ღვინის ლაბორატორიული კვლევა.