“ერთ საათში ქარხანა შეიძლება გაჩერდეს”- დეპუტატებისა და “აზოტის” ადმინისტრაციის შეხვედრა დასრულდა

“ერთ საათში ქარხანა შეიძლება გაჩერდეს და აუცილებლად გაჩერდება. ერთი კვირა ითხოვეს, რომ ზუსტად გვითხრან, რა რაოდენობაზე არის საუბარი”,- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რუსთავის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, მან შეხვედრაზე საწარმოში დასაქმებულების მოთხოვნა დააყენა და საწარმოს ადმინისტრაციისგან ერთ კვირაში პასუხის დაპირება მიიღო.

კერძოდ, მისივე თქმით, ადმინისტრაცია ერთ კვირიან ვადას ითხოვს, რომ საკითხზე იმუშაონ და გადაწყვიტონ, რა რაოდენობით გაიზრდება სახელფასო ანაზღაურება.

“მე სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, ჩვენ ახლა ილუზია რომ გქონდეს, რომ ერთ საათში ვინმე 50%-ს მოგვიმატებს ტყუილი იქნება, ერთ კვირიანი ვადა ითხოვა კომპანიამ, რომ ზუსტად გვითხრან პასუხი. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ ქარხანა გაჩერდა, მერე ძალიან რთული იქნება საუბარი.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.