მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, დეპუტატი იქნება თუ რომელიმე სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, ვაქცინაცია განხორციელდება იმ ვაქცინით, რომელიც მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის რეკომენდებული
„ნებისმიერი სამიზნე ჯგუფისთვის ვაქცინაცია მოხდება იმ ვაქცინით, რომელიც მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის რეკომენდებული. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ „ასტრაზენეკას“, რომელიც რეკომენდებულია 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ასევე „სინოფარმი“ ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში არის რეკომენდებული. ამდენად, იქნება ის დეპუტატი თუ რომელიმე სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მიიღებს იმ შეთავაზებას, რაც არის პროგრამის ფარგლებში. კარგია, რომ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. 80 პროცენტს ოდნავ გადააჭარბა და ესეც იმედისმომცემია. დაანონსებული არდადეგებიც არის გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის მიზნებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.