რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პრინციპული წიანააღმდეგობა არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას,მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, ნებისმიერ შემთხვევაში პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საერთაშორისო მეგობრები ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც მკაფიოდ მიუთითებენ.
„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.