მონაზონი სოსანა ითხოვს რამდენიმე დღით მონასტერში ყოფნის ნება დართონ

მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან იმყოფება და შესვლის უფლებას ითხოვს. მონასტრის შესასვლელს სამართალდამცველები იცავენ და ამბობენ, რომ ბრძანების მიხედვით ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

მონაზონი სოსანა, რომელიც მონასტრის წინამძღოლობიდან ცოტა ხნის წინ გადააყენეს, ითხოვს, მონასტერში რამდენიმე დღით დარჩენის საშუალება მიეცეს, რათა ახალი წინამძღვრისთვის გადაბარების პროცესი წესისამებრ წარიმართოს. მისი თქმით, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

პასუხად მას ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის ძმამ, გადაბარების კომისიის წევრმა ივანე კალაიჯაშვილმა განუმარტა, რომ მონასტერში შესვლის უფლება მხოლოდ სამართალდამცველების თანხლებით, ბარგის წასაღებად ექნება, რაზეც მონაზონი არ თანხმდება.

შეგახსენებთ, რომ მონაზონმა სოსანამ მორჩილ ნინოსთან ერთად, ღამე სხვა მონასტერში გაათენა, რადგან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში შესვლის უფლება არ მისცეს.

გავრცელდა მიტროპოლიტი სტეფანეს ბრძანებაც , რომლის მიხედვითაც მონაზვნებს მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები ედებათ ბრალად, რის გამოც ისინი სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესეს.

იქამდე, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარობიდან გაათავისუფლა. მონაზონი იმ სასულიერო პირებს მიეკუთვნება, ვინც მხარს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერს.