რუსთავის “აზოტში” დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. საწარმოსთან 300-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ქარხნის ადმინისტრაციისგან სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები TV4-თან აცხადებენ, კომპანია მათ ხელფასის 20%-ით გაზრდას დაპირდა, თუმცა პირობა არ შესრულებულა.
“აზოტში” დასაქმებულების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ და ტერიტორიაზე კარვებს გაშლიან.
“ხელფასის მომატება გვინდა.ყველაფერი გაძვირდა, პური გაძვირდა. დიდი ხანია ხელფასის მომატებას გვპირდებიან, თუმცა არ გვიმატებენ. ახლა არის საუბარი, რომ ოცი კაცი შემოვიდეს, მოვილაპარაკოთო და ადრე მოხდა ისე, რომ მხოლოდ იმ 20 კაცს მოუმატეს ხელფასი. ველოდებით კიდევ და კიდევ გამოსვლას.დღესაც იყო რამდენიმე ადამიანის შესვლაზე საუბარი, მაგრამ უმრავლესობამ გადავწყვიტეთ, რომ არავინ შევიდეს, უფროსობა გამოვიდეს და ყველას ერთად გაგვცეს პასუხი.”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.