“რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებთან, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ.
პარლამენტის დეპუტატები, გუშინ საწარმოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მედიატორების როლში, საწარმოს თანამშრომლების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს.
როგორც პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, კომპანიამ რამდენიმე დღე ითხოვა და პირველ ეტაპზე გაჟღერდა მოსაზრებაც, რომ “აზოტის” თანამშრომლების ხელფასი საამქროების და რანგების მიხედვით შესაძლოა გაიზარდოს. მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“ჩვენ გვსურს, რომ ისეთი წინადადება არ გადმოგცეთ, რაც მიუღებელი იქნება და რაც ღირსების შემლახველი იქნება. ჩემი გადმოსახედიდან, პირველ ეტაპზე, რა მცირედზეც იყო საუბარი , არც გავაჟღერეთ თქვენთან, მაგრამ ერთადერთი, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ, მზაობას გამოთქვამენ მომატებაზე, მაგრამ კონკრეტიკა არ არის ჯერ.
გუშინ გავერკვიე მე და დავრწმუნდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, მართლაც, 600 ლარია აქვს ხელფასი, ჩავიხედეთ ჩვენ. გვქონდა გუშინ, რომ რაღაც ჯგუფთან დავსხდეთ და რაღაც წინადადება მივიტანოთ იქ და თქვენთან იყოს ეს შეთანხმებული. არის აქ მოსაზრება, რომ მაგალითად საამქროების და რანგების მიხედვით, პირველ ეტაპზე დაბალი ხელფასი ვისაც აქვს ამ კატეგორიაზე დავიწყოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, ათასი და ქვევით, ეს არის პირველ ამოცანა, ასე ვფიქრობთ. მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და თქვენს გვერდში ვართ, თქვენი წარმომადგენლები ვართ და ბოლომდე დავიცავთ თქვენს ინტერესებს.” -განაცხადა დალაქიშვილმა









