ასპინძაში, ფერმაში მწყემსის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, 60 წლის მამაკაცი ფერმაში მომუშავე 38 წლის მწყემსის მკვლელობისთვის დააკავეს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. მოკლულს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაკავებულია 1961 წელს დაბადებული პირი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.