იმნაძე: „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ მახასიათებლების შესახებ საუბრობს.

როგორც იმნაძე ამბობს,   ვაქცინა გამოცდილი, ე.წ. ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

პაატა იმნაძის თქმით, „სინოვაკს“ შენახვის განსაკუთრებული წესი არ სჭირდება, მათ შორის არც ულტრადაბალი ტემპერატურა.

“„სინოვაკი“ არის კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც დამზადებულია ტრადიციული, გამოცდილი ტექნოლოგიით ანუ ეს არის ინაქტივირებული ვაქცინა. ეს არის დახოცილი ვაქცინა, უფრო მარტივად ასე უწოდებენ. ცოცხალი ვირუსების დახოცვა ხდება გარკვეული მეთოდით და შემდგომ მისი ვაქცინის სახით გამოყენება.

რადგანაც ეს არის ჩვეულებრივი, ინაქტივირებული ვაქცინა, ეს ვაქცინა ინახება ჩვეულებრივი მაცივრის პირობებში, მას არ სჭირდება ულტრადაბალი ტემპერატურა შესანახად, ამიტომ მისი ადმინისტრირება გაცილებით უფრო მარტივია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა „სინოვაკს“ უკვე გაუწია დადებითი რეკომენდაცია.

იმნაძე აცხადებს, რომ პროცედურული ნაწილია დარჩენილი და „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკიც“ ოფიციალურ ავტორიზაციას მიიღებს.