მეუფე სტეფანე: დედა სოსანას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აპრილის დასაწყისში, ჭყონდიდის ეპარქიის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, დედა სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ეპისკოპოსის განცხადებით, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა სცადეს, ისინი „საწყლად წარმოეჩინათ“, თუმცა, რეალური სურათი სრულიად განსხვავებული იყო.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, მონაზონს არ აქვს უფლება “თავის ჭკუაზე ირბინოს და აქციებში მონაწილეობა მიიღოს”

„დედა სოსანასთან ორი საათი იმიტომ არ ვლაპარაკობდი, რომ ის არ მიყვარს და მისი საშინელ მდგომარეობაში ჩაგდება მინდა. მინდოდა, რომ გამეგებინებინა, კანონიკურად, რა შეცდომაში შეიყვანეს ის და რა პრობლემების წინაშე დადგა. საბოლოოდ, მოხდა ისე, როგორც მოხდა. შემდეგ მე მას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს, აქციებში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, ის დემონსტრაციულად წავიდა და როცა არ შევუშვით იქ (ავტ. მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში), დადგა სპექტაკლი. ამას პირდაპირ, უფლის წინაშე ვამბობ, რადგან ის იქ სამჯერ მოვიდა. როცა პირველად მოვიდა და არ შეუშვეს, შეეძლო, ჩვეულებრივად, წასულიყო და დაეძინა. ამის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მან შემდეგი განვითარება მოიფიქრა, მოვიდა მეორედ და დადგეს სცენარი, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. მესამედ მოსვლისას, ზუსტად ათი წუთი დატოვეს წვიმაში, მოვიდნენ ტელევიზიები და იღებდნენ, „საწყალ“ მონაზვნებს, რომლებიც ღამით გარეთ, წვიმაში დარჩნენ და „არ იციან“, ღამე როგორ გაათიონ. ესაა კიდევ ერთი ტყუილი. ჩვენი კადრებიც ჩანს, სადაც ჩანს, როგორ განვითარდა ეს სპექტაკლი. შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვიდა დედა სოსანა, კადრები ჩანს, რომ აკაკუნებს, ზარს რეკავს კარზე. როცა გვითხრეს, რომ დედა სოსანა იყო მოსული, სასწრაფოდ ვთხოვე, რომ გასულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, ოღონდ, ვეღარ მოასწრეს. ვიდრე ჩემგან წარგზავნილები მონასტრამდე მივიდნენ, ის უკვე წავიდა. იქ მოხდა შემდეგი; აიღეს კადრები, როგორ აბრახუნებს კარებზე და ამბობს: „გააღეთ, თქვე დალოცვილებო“… ეს იყო და წავიდა. ამის შემდეგ, შექმნეს კინო, რომელსაც უყურებს ხალხი და ჰგონია, რომ საწყალი მონაზონი დაჩაგრა და არ აქვს ადგილი, სად შეჰყოს თავი. ამ დროს, მე მას შევთავაზე ლასურიაშის მონასტერში წასვლა. ძალიან კარგი ადგილია, მონაზვნისთვისაც დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდებოდა, დაწყნარდებოდა და მისი სულისთვის, გაცილებით მეტი სარგებელი იქნებოდა, ჩემი წინადადება რომ გამოეყენებინა. მე მას შემდეგაც შევუთვალე, თუ უნდა, კამერების გარეშე, ჩვეულებრივად, ნორმალურად დავილაპარაკოთ, თუნდაც, კამერებით მოვიდეს და კამერებით ვილაპარაკოთ… მაგრამ მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის, კამერების გარეშე ლაპარაკი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია სულისთვის. მან ეს არ გამოიყენა, შოუები უფრო მოეწონა“, – აცხადებს ჭყონდიდის ეპისკოპოსი.