ქალი მამაკაცზე დიდხანს ცოცხლობს – ტენდენცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას ახასიათებს, თუმცა დემოგრაფები ამბობენ, რომ საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სხვაობა გაცილებით თვალშისაცემია.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში ქალი საშუალოდ 78.4 წელს ცოცხლობს, მამაკაცი კი – 69.8 წელს. განსხვავება თითქმის 9 წელია, განვითარებულ ქვეყნებში კი სხვაობა 4-5 წელს არ აღემატება.
დემოგრაფები ამბობენ, რომ მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობაზე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები გაცილებით მეტად მოქმედებს, ვიდრე ქალზე.
ამასთან, მამაკაცები უფრო დაუდევრად იყენებენ ალკოჰოლს და ქალებზე მეტს ეწევიან. მამაკაცის ცხოვრება უფრო ხშირად უკავშირდება რისკს – მაგალითად, კაცები უფრო ხშირად მიდიან ომში ან ქალებზე ხშირად მართავენ ავტომობილს.
მამაკაცების მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში სიდუხჭირე სახელდება.
90-იანი წლებიდან მოყოლებული დემოგრაფები ამჩნევენ, რომ სულ უფრო მეტი მამაკაცი იღუპება 40-45 წლის ასაკში. მაგალითისთვის, 2020 წელს საქართველოში 40-49 წლის ასაკის 436 ქალი და 1 440 მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცისა და ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის 8-9-წლიან განსხვავებას ანომალიურად მიიჩნევს დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.
„ ჩვენ, ზოგადად, ძალიან დაბერებული ქვეყანა ვართ. მოსახლეობის 15 %-ზე მეტი 75 წელს გადაცილებულია. დაბერებულთა რაოდენობაში ქალები მამაკაცებს სჭარბობენ, განსაკუთრებით 70-75 წლის ზემოთ“.
კონკრეტულად რა შედეგამდე მივყავართ ქალისა და მამაკაცის სიცოცხლეს შორის ასეთ სხვაობას, საქართველოში კვლევები არ ჩატარებულა. გაეროს გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზივის მიმართულების ხელმძღვანელი ლელა აქიაშვილი ამ თემაზე მხოლოდ რეგიონებში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს.
„ზოგადად, ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კაპიტალზე, ნაკლებად არიან აქტიურები, ნაკლებად აქვთ ქონებრივი უფლებები. აქ იგულისხმება, ასევე, აუნაზღაურებელი შრომა, რომლის დიდი წილი სწორედ ქალებზე მოდის, და მიწის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემები“.-აცხადებს ქოქიაშვილი.