საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს 20 ივნისის მოვლენებზე მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი.
მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, იმ პირებს, ვისაც შეეხება აღნიშნული ამნისტიის აქტი არანაირი დამატებითი თანხმობა არ დასჭირდებათ. მათიკაშვილის თქმით, ამნისტიის მიღებისთანავე ის ავტომატურად გავრცელდება თითოეულ მათგანზე, რომლის სავარაუდო დანაშაულსაც ამნისტიაში გათვალისწინებული მუხლები მოიცავს.
მათიკაშვილის განმარტებით, თუ პირს არ სურს შეეხოს ამნისტიის აქტი, მაშინ მან პროცესის მწარმოებელ ორგანოს განცხადებით უნდა მიმართოს.
“არანაირი თანხმობა იმისთვის, რომ ამნისტიის აქტი შეეხოს რომელიმე პირს, რომელთა მიმართაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სახის გადაცდომის ან დანაშაულის ფაქტი, რა თქმა უნდა, აქ არ არის.
ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, აბსოლუტურად ყველას. არანაირ დამატებით დოკუმენტზე ხელის მოწერა ამ პირებს არ ევალებათ. იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირები განაცხადებენ, რომ არ სურთ ისარგებლონ ამნისტიის აქტით და ეს განცხადება ხელმოწერით დადასტურდება და ჩაბარდება პროცესის მწარმოებელ ორგანოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ შეეხებათ ამ პირებს ამნისტიის აქტი. არანაირი დამატებითი თანხმობა არ არის საჭირო, ყველაზე ავტომატურად ვრცელდება ამნისტიის აქტი,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.