ავსტრიაში დღეიდან კოვიდრეგულაციები მსუბუქდება, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში იხსნება რესტორნები, სასტუმროები და კულტურული დაწესებულებები.
„გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ვოლფგანგ მიუკშტაინის განცხადებით, ბევრი უცხოელი ვიზიტორისთვის დღეიდან კარანტინი სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მათ უნდა წარადგინონ ცნობა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.
შეზღუდვები მსუბუქდება საფრანგეთშიც, სადაც ღია სივრცეებში კვების ობიექტებს 50 %-იანი დატვირთვით მუშაობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი პირის დაჯდომა იკრძალება.
კინოთეატრებს, თეატრებსა და მუზეუმებს ვიზიტორების მიღების უფლება მიეცათ, თუმცა პირბადეების ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა სავალდებულო რჩება.
ამასთან, ქვეყანაში რესტორნებისა და კაფეების გახსნა 9 ივნისიდან, პარიზის დისნეილენდის კი – 17 ივნისიდან იგეგმება.
საფრანგეთში ე.წ. “კომენდანტის საათი” ორი საათით გვიან დაიწყება, 21:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.